ამ ღამით მოთოვს,
უეჭველად მოთოვს ამ ღამით …
გადაღლილ ქალაქს,
უხეშს,
მშფოთვარეს,
ცა გაეხსნება… ცაზე მაღალი…
ანგელოზები თეთრად მორთავენ.
მოთავდეს ერთი,
რომ ყოველ დღე ხდება იგივე
კაცით თუ ღმერთით.
უმანკო გზები შენთან მოსვლის სურვილს მიღვივებს
და თავს მავიწყებს ეგ მდინარეთი…
ვგრძნობ კიდევ ერთხელ,
როგორც მლოცველი
შენს მშვიდ სიზმრებში ფრთხილად გავივლი,
რომ დაგანახო, როგორ მოცვივა
შავი ზეციდან ... თეთრი ყვავილი…